7.22.2013

(საინფორმაციო სააგენტო GeoNews.ge)პაატა ცნობილაძე აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ღია წერილით მიმართავს

მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კონსტიტუციონალისტი, პაატა ცნობილაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს ღია წერილით მიმართავს.

საინფორმაციო სააგენტო "ჯეონიუსი" ტექსტის ქართულ ვერსიას, უცვლელად გთავაზობთ: 
მაქვს პატივი, მოგესალმოთ პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით და მადლიერების გრძნობით აღვნიშნო აშშ-ისა და ამერიკელი ხალხის თანადგომა და მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდებში. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ სწორედ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების პრინციპულმა და ცალსახა პოზიციამ იხსნა ჩვენი ქვეყანა უამრავი განსაცდელისგან, განსაკუთრებით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში განვითარებული ცნობილი მოვლენებისას.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, ბატონი რიჩარდ ნორლანდის სამაგალითო და მართლაც გაბედული მოქმედება, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, როცა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პირადად ეწვია სამეგრელოს რეგიონს და აღკვეთა მოვლენების ტრაგიკული განვითარების მცდელობა.
ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო!
მოგეხსენებათ, საქართველო პატარა, მაგრამ უძველესი და დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა. მსოფლიო ისტორიაში ძნელად მოიძებნება ხალხი, რომელსაც მასზე მეტი თავდაცვითი ომი ჰქონდეს გადატანილი. გეოპოლიტიკური ვითარება არ აძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას, მაგრამ ქართველი ხალხის თავდადებამ და დამოუკიდებლობისადმი სწრაფვამ, უსამართლობისადმი შეუგუებლობამ და რწმენამ, საშუალება მისცა არ გამქრალიყო მსოფლიო ცივილიზაციის ასპარეზიდან.
თქვენ, წლების განმავლობაში, ჩინებულად გაეცანით ქართველი ხალხის ფსიქოლოგიას და მისწრაფებებს, ჩვენი ხალხის ბუნებას, მის ერთგულებას ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისადმი და იმავდროულად, თავისუფალი განვითარების დაუოკებელ წადილს. კაცთმოყვარეობა და შემწყნარებლობა მუდამ იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი. ის ყოველთვის ამაყობდა თავისი მრავალეროვნული შემადგენლობით და ტოლერანტობით. მარტო, ძველი თბილისის ერთი პატარა უბანი რად ღირს, სადაც სულ რაღაც 500 კვადრატული მეტრის რადიუსში, განთავსებულია სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობის, მუსულმანური და ებრაული სალოცავები.
ცალკე საუბრის თემაა მისი სამართლებრივი მემკვიდრეობა. მართალია, კონსტიტუციური იდეების გავრცელება საქართველოში დაიწყო მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე, ანუ ერთი საუკუნით გვიან, ვიდრე ეს მოხდა აშშ-სა და ევროპაში, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული კონსტიტუციონალიზმი წარმოადგენს ევროპული კონსტიტუციონალიზმის დამოუკიდებელ და და საკმაოდ სპეციფიკურ ნაირსახეობას, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ყოველთვის ილტვოდა ევროპისაკენ და იყო მისი განუყოფელი ნაწილი. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ სამართლებრივი მოდერნიზაცია კონსტიტუციონალიზმის ფარგლებში მიჩნეული იქნა ჯერ კიდევ მაშინ, ფორმალურად მოპოვებული დამოუკიდებლობის იურიდილი გაფორმების უალტერნატივო გზად.
სხვათა შორის, ჩვენი თვალსაწიერის ამ გადასახედიდან, ქართული სინამდვილე, ძალზე წააგავს ამერიკული კონსტიტუციონალიზმის რეალობას, ვინაიდან ასე დაიწყო ამერიკაშიც - თავგანწირული ბრძოლა თავისუფლებისათვის კოლონიზატორების წინააღმდეგ, ჯეფერსონის მიერ დაწერილი 1776 წლის 8 ივლისის "დამოუკიდებლობის დეკლარაცია" და შედეგად 1787 წლის აშშ-ის კონსტიტუცია... და კიდევ ერთი პარალელი - ამერიკაში 1776 წლის 8 ივლისს, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების აღსანიშნავად, პირველად დაირეკა თავისუფლების ზარი, ამერიკული თავისუფლების სიმტკიცის სიმბოლო. საქართველოში 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების აღსანიშნავად, გუგუნებდა სიონის საკათედრო ტაძრის ზარები, ქართველთა სულიერი სიმტკიცის სიმბოლო. პარალელები მართლაც რომ მსგავსია. ვინ იცის, რომ არა რუსული იმპერიალისტური პოლიტიკა და საბედისწერო 70 წლიანი პატიმრობა კომუნისტური რეჟიმის ეპოქაში, იქნებ მსგავსი პარალელები მეტიც მოგვეძებნა დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუციონალიზმის განვითარების თვალსაზრისით.
ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო!
იმედია, ამ მოკლე მიმოხილვას კადნიერებაში არ ჩამომართმევთ. ეს ყოველივე იმიტომ მოვიშველიე, რომ სამწუხაროდ, კვლავ ვხედავ დასავლურ ღირებულებებთან გამომშვიდობების საფრთხეს. მაგრამ არა ახალი ხელისუფლების, არამედ ძველი ხელისუფლების "შეწევნითა" და მიზანმიმართული პოლიტიკით. წლების განმავლობაში, პირველყოვლისა, ისევ თქვენი დახმარებით, თითქოს ბევრი რამ კეთდებოდა დემოკრატიული ორიენტირების გასამყარებლად. მაგრამ, რაც უფრო გადიოდა დრო, საპირისპირო შედეგს ვღებულობდით, დემოკრატიული განვითარების საფარქვეშ, სულ უფრო იკიდებდა ფეხს სააკაშვილის და მისი ელიტური ჯგუფის ავტოკრატიული მმართველობა. ნაცვლად თქვენს მიერ გაწეული რეკომენდაციებისა, საქართველოში წარმატებით ყალიბდებოდა მმართველობის რუსული მოდელი, კიდევ უფრო დახვეწილი და გამორჩეული სისასტიკითა და სახელისუფლებო განუკითხაობით. ამას ახალისებდა ის შეფასებებიც, რომლებიც, სამწუხაროდ, ვრცელდებოდა ამერიკიდანაც და ევროპიდანაც, რომ თითქოს, სააკაშვილი იქცა დემოკრატიის შუქურად და მისაბაძ მაგალითად რეგიონული განვითარებისათვის. მესმის, რომ ეს არ კეთდებოდა შეგნებულად. უბრალოდ, მოგეწოდებოდათ შესანიშნავად შეფუთული ყალბი ინფორმაცია. პირიქით, თქვენ ყველაფერი გააკეთეთ ჩვენი ქვეყნის დახმარებისა და განვითარებისათვის, მაგრამ იმედები არ გაგიმართლათ არც თქვენ და არც ქართველ ხალხს. ჩვენ კი ვხედავდით ამ მახინჯ პროცესს და რამოდენიმეჯერ შევეცადეთ კიდეც ინფორმაციის მოწოდებას, მაგრამ ამის დაჯერება იმ პერიოდში, ალბათ, ძნელი აღმოჩნდა.
ისიც მესმის, რომ ძნელია თქვენი მხარისთვის იმის აღიარება, რომ სააკაშვილმა მოგატყუათ. მაგრამ სააკაშვილმა მოგატყუათ არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელი მსოფლიო, საკუთარი ხალხი და ამაში უკვე ყველა დარწმუნდა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს არ იყო თქვენი ბრალი. უბრალოდ, მან ისარგებლა თქვენი ნდობით და ქართველი ხალხის მოთმინებით.
უფრო მეტიც, ვხედავდით, როგორ არიგებდა სააკაშვილი დაპირებებს თვალის ასახვევად და იმავდროულად, როგორ ეწეოდა ამერიკული და ზოგადად, დასავლური ღირებულებების ფარულ დისკრედიტაციას. შედეგად კი, ეტაპობრივად ვღებულობდით ხალხის იმედგაცრუებას, ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობის სულ უფრო მზარდ ტენდენციას.
ალბათ, ამ პოლიტიკის გაგრძელება იყო, გუშინ სააკაშვილი მიერ საჯაროდ გაკეთებული პროვოკაციული განცხადება 26 მაისის აქციებთან FBI-ის წარმომადგენელთა კავშირის შესახებ. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი მისი პოლიტიკური ხრიკები თავის გადასარჩენად და ის მიზანი, რომ საბოლოოდ დათესოს ხალხში ნიჰილიზმი ამერიკელი მეგობრების მიმართ. მაგრამ ხალხი ბრძენია, ის შეიძლება რაღაც პერიოდში მოატყუო, მაგრამ სულ ვერ მოატყუებ.
ამიტომ, ამ შემთხვევაში არ გადავაჭარბებ, თუ თხოვნით მოგმართავთ ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით - დაარქვით ყველას და ყველაფერს თავისი სახელი. მერწმუნეთ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ღირებულება არეული ადამიანების წარმოდგენებში სიცხადის შეტანისა და სამართლიანობის დადგენისათვის. ისინი ხომ კვლავაც დიდი იმედით შეჰყურებენ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივას. ქართველი ხალხი, აღარ დაუშვებს დემოკრატიული კურსიდან გადახვევას. სააკაშვილისგან განსხვავებით, ის პირნათლად შეასრულებს თავის მისიას საქართველოს მომავლისა და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში. გქონდეთ ქართველი ხალხის იმედი.
ღმერთი იყოს თქვენი და ამერიკელი ხალხის მფარველი", - წერს პაატა ცნობილაძე.

No comments:

Post a Comment