7.18.2013

(საინფორმაციო სააგენტო ,,პირველი") "დავიწყებთ იმ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო კამპანიას, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს არ დაუჭერს"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატებს მოუწოდებს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია ღიად დააფიქსირონ. 


როგორც დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხალმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, ორგანიზაცია იმ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო კამპანიას დაიწყებს, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხარს არ დაუჭერს, მის წინააღმდეგ პირდაპირ გამოვა და ხალხს მოუწოდებს, მას მხარი არ დაუჭირონ. 

როგორც კაკაბაძე მიიჩნევს, დღევანდელმა პარლამენტმა საზოგადოების ნება ვერ ასახა და ხალხის ინტერესები ვერ გამოხატა. კაკაბაძის თქმით, მოძრაობა “სამართლიანობა უნდა აღდგეს" რეჟიმის გასამართლების და კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს მიმართა, თუმცა ეს პროცესი გაიწელა, რადგან პოლიტიკური ნება არ არსებობდა. 

"ხალხმა ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და არა დღევანდელ საპარლამენტო შემადგენლობას. ძალაუფლების 40% მიტაცებული აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", დამნაშავეები დარჩნენ დაუსჯელნი, პარლამენტმა ვერ შეასრულა ის დაკვეთა, რაც საზოგადოებას გააჩნდა, ვერც სამართლიანობა აღადგინა, ამიტომ ჩვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ვითხოვთ. მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებმა საზოგადოებას უნდა უთხრან, რომ მათი არჩევის შემთხვევაში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატერებენ. თუ ეს შეთავაზება რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ არ იქნება გაზიარებული, ჩვენ მივმართავთ ხალხს, რომ ამ კანდიდატს მხარი არ დაუჭირონ", - განაცხადა კაკაბაძემ. 

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ორგანიზაცია რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით ცსკ-საც მიმართავს. 

"გვაინტერესებს, რა რაოდენობის ამამრჩეველს სურს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. არ გვგონია, ცსკ-მ ეს მოთხოვნა დაგვიკმაყოფილოს, თუმცა მის უარს აუცილებლად გავასაჩივრებთ", - განაცხადა კაკაბაძემ.

No comments:

Post a Comment